2025-10-25 11:16:32
გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განახორციელა, მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ბრანდენბურგის პოლიცია ქალაქ ვიუნსდორფში 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ბინაში შევიდა და მისი ოჯახის 12 წევრი დეპორტაციის მიზნით ბერლინის აეროპორტში გადაიყვანა. დეპორტირებულებს შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი.
ხანგოშვილის ნათესავებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოჯახის ადვოკატებმა დეპორტაციის შეჩერება სცადეს, თუმცა უშედეგოდ და თვითმფრინავი თბილისში მაინც გაფრინდა.
პარასკევს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სონია კოკმა „დოიჩე ველეს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ბერლინიდან თბილისში 48 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.
„დეპორტაციების ორგანიზების პასუხისმგებლობა ფედერალურ მხარეებს ეკისრებათ. ფედერალური მთავრობა მათ მხარს უჭერს. დეპორტაციების რაოდენობა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განაცხადა სონია კოკმა.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, „ეფ-ეს-ბეს“ აგენტს ვადიმ კრასიკოვს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის დაკვეთით განხორციელდა.
2024 წლის 1-ელ აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი პატიმრების გაცვლის ფარგლებში, გერმანიამ კრასიკოვი რუსეთს გადასცა.