რუსთავში ცხოველთა მხრიდან დაკბენების გამო 257 პაციენტი აცრეს

2025-10-07 13:28:45

სექტემბერში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 261 შემთხვევა დაფიქსირდა და 257 პაციენტის აცრა გახდა საჭირო.

85 აცრილი15 წლამდე პაციენტია.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის უმრავლესობა, 234 პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, პატრონიანი ცხოველების დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 139 ძაღლზე მოდის, 93 კატაზე.

დაფიქსირდა ცხენისა და კურდღლის მიერ დაკბენის შემთხვევებიც.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.