მოქალაქემ პოლიციელი ყელის არეში დაჭრა

2025-10-05 22:15:22

თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი დაჭრა.

ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულია ერთი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ. ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.