2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელიც 2014 წლის შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებული თვითმმართველობის არჩევნები იქნება. („ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ).
2025 წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 129.118 მლნ ლარი იქნება, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 80.790 მლნ ლარი ჯდება. ეს კი წინა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით 46 მლნ ლარზე მეტია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი თვითმმართველობის არჩევნების წლებში:
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 82.962 მლნ ლარი
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წელს, ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა დაახლოებით 83 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ასიგნებები 54.243 მლნ ლარს შეადგენდა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 64.259 მლნ ლარი
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 64.259 მლნ ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი იყო 37.997 მლნ ლარი.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 58 მილიონი ლარი
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 58 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებების ასიგნებებმა 30.448 მლნ ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნება, ხმის მიცემის პროცესი კი 20:00 საათზე დასრულდება. არჩევნებზე მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.