იაღლუჯას მთის ფერდობზე სააგარაკე მიწების მფლობელებმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულისა და იუსტიციის სახლის შენობებთან საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, მარიამ ქვარცხავამ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, მათი მოთხოვნაა, საჯარო რეესტრმა დაუყოვნებლივ დაიწყოს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწების აზომვა და დარეგისტრირება.
"შეკრებილები ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს ნაკვეთი იაღლუჯზე და წლების განმავლობაში ვცდილობთ ჩვენი ნაკვეთების რეგისტრაციას. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვირეგისტრირონ ნაკვეთები იაღლუჯზე. აბსოლუტურად ყველა მხრიდან გვხვდება იგნორი, უყურადღებობა. მაშინ, როდესაც ვცადეთ ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო, მივწერეთ წერილები რუსთავის, მარნეულის მერებს, გუბერნიაში ვიყავით შეხვედრებზე რამდენჯერმე. ამ ყველაფრის ფონზეც კი აბსოლუტური იგნორია და არანაირი წინსვლა არ არის. ამიტომ იძულებულები გავხდით მოვსულიყავით აქ და ასე მივაწვდინოთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, რომ ვარსებობთ, გვაქვს პრობლემა და ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას დაუყოვნებლივ",- გვითხრა მარიამმა.