პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის ინფორმაციით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დააფიქსირეს.
მისი თქმით, პოლონეთმა მოითხოვა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საკითხი ალიანსის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოში, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში დააყენონ, რის შემდეგაც გაიმართება კონსულტაციები იმის დასადგენად, დაემუქრა თუ არა წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე.
ტუსკის თქმით, ის ამ კონსულტაციების დროს უფრო მეტ მხარდაჭერას ელის.
„ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
ტუსკის ცნობით, სამი, ან შესაძლოა, ოთხ დრონი პოლონეთისა და ნატო-ს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს.
ტუსკი აცხადებს, რომ დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა.