11-ვე პირს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა

2025-09-03 16:29:58

სასამართლომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 11-ვე პირს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.