საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" მიერ იაღლუჯის ფერდზე არსებული სააგარაკე მიწებზე მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, დაგვიკავშირდნენ რუსთაველები, რომლებიც ამ მიწების დარეგისტრირებას, მათი თქმით, რამდენიმე თვეა ცდილობენ.
მოქალაქეების ნაწილი, რომლებმაც საჯარო რეესტრს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში იაღლუჯის ფერდზე არსებული მიწების ასაზომად რამდენიმე თვის წინ მიმართეს, ამბობს, რომ მათ დღემდე არავინ დაჰკავშირებია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა საჯარო რეესტრს, გააცნო მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი და ჰკითხა, როდის დაიწყება იაღლუჯის ფერდზე მიწების აზომვა.
როგორც რეესტრში განგვიცხადეს, ინფორმაცია, რომ აზომვები დაწყებული არაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი ცნობით, იაღლუჯის ფერდზე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწების აზომვითი პროცესი დაწყებულია და მისი ფართობიდან გამომდინარე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც განაცხადი აქვს შეტანილი, ეტაპობრივად დაუკავშირდებიან.