სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯ.ე-მ, ნ.მ.-მ და ვ.ი.-მ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით (ფარულად) გადაყვანის მომზადებას ჯგუფურად გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც მათ დიდი ოდენობით თანხა აიღეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისათვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.