პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სალონი დააჯარიმა.
ამის შესახებ განცხადება სამსახურმა გაავრცელა.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა წარმოდგენილი შეტყობინებების საფუძველზე ერთ-ერთ სილამაზის სალონში განთავსებული ვიდეოკამერების მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სილამაზის სალონის შიდა სივრცეში განთავსებული კამერების მეშვეობით, ვიდეომონიტორინგი ხორციელდებოდა. სალონი ვიდეომონიტორინგს თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნებით ასაბუთებდა. ამასთან, ერთ-ერთი ვიდეოკამერის მეშვეობით, ვიდეომონიტორინგთან ერთად, დამატებით, აუდიომონიტორინგიც მიმდინარეობდა.
სამსახურმა დაადგინა, რომ სილამაზის სალონის შიდა სივრცეში, ნიჟარებით აღჭურვილი სავარძელი არაიზოლირებულად იყო განთავსებული და ამავე ადგილას სილამაზის სალონის მომხმარებლები, პირადი ჰიგიენის დაცვის მიზნით, თმას იბანდნენ შემდგომი მომსახურებების (თმის მოვლის პროცედურები) მისაღებად. ამასთან, სილამაზის სალონის შიდა სივრცეში განთავსებული იყო ფრჩხილებისა და თმის მოსაწესრიგებელი კუთხეები. სამსახურმა დაადგინა, რომ სილამაზის სალონის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ხედვის არეალებში ექცეოდა თმის მოვლისა და ფრჩხილის ჰიგიენისთვის განკუთვნილი სივრცეები და თმის მოვლისთვის განკუთვნილი, იზოლირებულად განთავსებული ოთახების შესასვლელი სივრცეები. აღნიშნული ოთახების შიდა პერიმეტრის ნაწილი, კარის არარსებობის პირობებში, ვიდეოკამერების ხედვის არელში ექცეოდა.
აღსანიშნავია, რომ სილამაზის სალონის შიდა სივრცე, სადაც ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობდა, ამავდროულად, დასაქმებული პირების სამუშაო ადგილს წარმოადგენს. სილამაზის სალონის თანამშრომლები სამუშაო სივრცეში ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე წერილობით არ იყვნენ ინფორმირებულნი. ამასთან, მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების მიზნით, ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსებული არ იყო. გარდა ამისა, ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ვიდეომონიტორინგის ხანგრძლივობა და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები, სილამაზის სალონს შემუშავებული არ ჰქონდა.
სილამაზის სალონმა აუდიომონიტორინგის გზით მონაცემთა უწყვეტ რეჟიმში დამუშავების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა, უფრო მეტიც, სილამაზის სალონი აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდა. შესაბამისად, აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე სათანადო გამაფრთხილებელი ნიშანი განთავსებული არ იყო. სალონს არც აუდიომონიტორინგის თაობაზე კანონით გათვალისწინებული წერილობითი დოკუმენტი გააჩნდა და დასაქმებულებიც აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ არ იყვნენ გაფრთხილებულნი.
სამსახურმა მიიჩნია, რომ სალონის ზემოაღნიშნული სივრცეები, მათი დანიშნულებიდან და ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, პირადი ჰიგიენისთვის განკუთვნილ/პრივატულ სივრცეს წარმოადგენს და მათში ვიდეომონიტორინგის განხორციელება დაუშვებელია. სამსახურმა განმარტა, რომ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა მხოლოდ ამგვარი სივრცეების შიდა პერიმეტრზე განთავსებულ ვიდეოკამერებს არ მიემართება. იგი, ასევე, იმგვარ შემთხვევებს გულისხმობს, როდესაც, მაგალითად, დერეფანში განთავსებული კამერის ხედვის არეალში შეიძლება მოექცეს ჰიგიენისთვის განკუთვნილი სივრცის შესასვლელი, რომლის გაღებისას შესაძლებელი იქნება ამგვარი სივრცის შიდა ნაწილის ხედვა. პირის უფლება, სხვა პირთა დაკვირვების გარეშე, მსგავსი სივრცეებით და მიმდებარე ტერიტორიით თავისუფლად ისარგებლოს, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს. სამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ სივრცეებში ვიდეომონიტორინგის გზით მონაცემთა დამუშავება გაუმართლებელია, მიუხედავად საკუთრების დაცვის ლეგიტიმური მიზნის არსებობისა, რომლის მიღწევა სილამაზის სალონს სხვა საშუალებების გამოყენებითაც შეუძლია.
სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილზე პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საკუთრების დაცვის მიზნით, ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების განხორციელება სამართლებრივ ჩარჩოში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ექცევა, როდესაც ეს ღონისძიება მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ან სხვა საშუალების გამოყენება დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან. ამდენად, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზანი შესაძლოა მხოლოდ მაშინ ჩაითვალოს სამუშაო ადგილზე ვიდეომონიტორინგის სისტემის განთავსების სამართლებრივ საფუძვლად, როდესაც სხვა საშუალებით ობიექტურად შეუძლებელია ხსენებული მიზნის მიღწევა.
სამსახურმა აღნიშნა, რომ პირის სამუშაო ადგილი ძირითადი სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად განკუთვნილი სივრცეა, სადაც დასაქმებული შესაძლოა სხვა საქმიანობასაც ახორციელებდეს. მონიტორინგის განმახორციელებელი ტექნოლოგიების გამოყენება სამუშაო ადგილზე შეიძლება იწვევდეს თანამშრომლებზე ირიბ ზეწოლას და მათი ქცევის კონტროლს. გარდა ამისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგის შემთხვევაში − დამატებით, დასაქმებული პირი წერილობით გააფრთხილოს ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნის (მიზნების) შესახებ. აღნიშნული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად მიიჩნევა.
ამასთან, სამსახურმა გაითვალისწინა სილამაზის სალონის მიერ სამსახურისთვის მოწოდებული ინფორმაცია, შიდა სივრცეში ვიდეოკამერების განთავსების მიზნის (თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, საკუთრების დაცვა) თაობაზე და მიიჩნია, რომ დასახელებული მიზანი კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევაა, რადგან იგი სილამაზის სალონში მიმდინარე სამუშაო პროცესს უკავშირდება. აღნიშნულის მიუხედავად, სამსახურმა განმარტა, რომ სალონში დასაქმებულები მათ სამუშაო სივრცეში ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე წერილობით არ არიან ინფორმირებული, რაც კანონის დარღვევაა.
სამსახურმა ზემოაღნიშნულისა და მოცემულ შემთხვევში დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით დაადგინა, რომ სილამაზის სალონის მიერ ვიდეოკამერების მეშვეობით მონაცემების დამუშავებისას დარღვეული იყო კანონის მოთხოვნები და იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად კანონის მე-10, მე-11 და 27-ე მუხლების დარღვევისთვის, სახდელის სახედ კი შეეფარდა ჯარიმა. ამასთან, სილამაზის სალონს დაევალა:
ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესახებ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის შემუშავება;
ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცეებში ვიდეომონიტორინგის შეწყვეტა ან ხედვის არეალების იმგვარად ცვლილება, რომ პირადი ჰიგიენისათვის განკუთვნილ სირცეებში ვიდეომონიტორინგი არ ხორციელდებოდეს;
ვიდეომონიტორგის გზით დამუშავებული მონაცემების წაშლა;
თანამშრომლების სათანადო წერილობითი ინფორმირება მათ სამუშაო სივრცეში ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზნის შესახებ;
შიდა სივრცეში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებთან თვალსაჩინო ადგილას ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ საკმარისი რაოდენობის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო რეკვიზიტების შემცველი გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება;
აუდიომონიტორინგის შეწყვეტა და აღნიშნული გზით დამუშავებული მონაცემების წაშლა;
ვიდეოჩამწერ მოწყობილობაში ელექტრონულად დაცული მონაცემების მიმართ შესრულებული მოქმედებების შესახებ ჩანაწერების შენახვა იმ ვადით, რაც აღნიშნული მოქმედებების აღრიცხვის ფუნქციონალს ქმედითს გახდის",- ნათქვამია განცხადებაში.