50 წლამდე ქალი მოკლეს

2025-07-08 12:03:52

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია 50 წლამდე ქალი. თანასოფლელების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ვ.ტ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ტ ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.