ოქსიგენის პირველი დღე მედალოსნებს მიეძღვნა

2024-07-06 13:47:07

ნინო ლაცაბიძე: ჩვენმა ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს დავაჯილდოვეთ, მინდა იცოდნენ, რომ ჩვენი რუსთავი და საქართველო  ამაყობს მათი წარმატებით. 

რუსთავის ტრადიციული ფესტივალი "ოქსიგენი", რომელიც წელს მეოთხედ ტარდება, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ქალაქის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომელთაც საჯარო სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაასრულეს, წამახალისებელი ფულადი ჯილდოები და სხვა საჩუქრები 2022 წლიდან გადაეცემათ. ტრადიციულად, სპეციალურად მათთვის იმართება საზეიმო მიღებაც. 

"ჩვენმა ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებმა, იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს დავაჯილდოვეთ, მინდა იცოდნენ, რომ რუსთავი და მთელი ქვეყანა, ამაყობს მათი წარმატებით. მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები, ჩვენი ქალაქის დიდ ისტორიას კიდევ უფრო ღირსეულად გააგრძელებენ. ეს ღონისძიება კი არის ჩვენი ქალაქური ტრადიცია, სადაც მადლობას ვუხდით ახალგაზრდებს, რომლებმაც პირველი წარმატება უკვე მოიპოვეს. 
წელს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავაერთიანეთ, ესაა ,,ოქსიგენი“ და მედალოსნების დაჯილდოება. ფესტივალი ,,ოქსიგენი“ ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებულია და უკვე მეოთხე წელია, ყველაზე ისტორიულ ადგილზე - რუსთვის უძველესი ციხის ტერიტორიაზე სლოგანით - ,,ჩაისუნთქე ისტორია“ ტარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი ტრადიცია - "ოქსიგენი" და მადალოსნების დაჯილდოება, ჩვენს ქალაქში წლების განმავლობაში იარსებებს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. 

რუსთავის ცენტრალურ პარკში გამართულ ღონისძიებაზე, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს, სკოლის წარმატებით დასრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პირადად მიულოცა.

"რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ქალაქის მერიამ მართლაც გამორჩეული დღესასწაული მოაწყო და ახალგაზრდებს მიულოცა ყველას სასკოლო ეტაპის დასრულება. ჩვენ ყველამ ერთად წარმატებები ვუსურვეთ მათ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც ეროვნული გამოცდების სახით დაიწყო. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდები, ღირსეულად გააართმევენ თავს ამ გამოწვევებს და დაიმსახურებენ კუთვნილ ადგილებს უმაღლეს სასწავლებლებში", - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებას, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

"ოქსიგენის" მუსიკალური ნაწილის პირველი დღე "თუთარჩელამ" გახსნა.  
უამინდობის გამო, ფესტივალის  მონაწილეები: "თუთარჩელა", "ჯეობიტ ფროდაქშენი" და "ფრანი" ოქსიგენის  სცენას დღეს დაიკავებენ. 

"ოქსიგენზე" რუსთაველებისა და ფესტივალის სტუმრების წინაშე, დღეს ასევე წარსდგებიან: "დესპანი" და მალხაზ ხონელიძე, "ოჩოს ქოხი", მურო გაგოშიძე და ჯგუფი REGGAEON-ი. 

Oxygen Fest-ის საფესტივალო სივრცეში მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები და კვების ობიექტები, იმართება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციულად, რუსთავის ცენტრალური პარკის უნიკალურ ტბაზე ფიშ-ფესტიც ტარდება. "ოქსიგენი" რუსთავში, პირველად, 2022 წელს გაიმართა. ფესტივალი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს, საფესტივალო სივრცეში შესვლა ვიზიტორებისთვის წელს უფასოა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.