ბელგიაში 38 წლის ქართველი დააკავეს

2025-06-19 19:30:25

ბელგიაში მკვლელობისთვის 38 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

თვითმხილველების ცნობით, მან ანტვერპენში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 76 წლის კაცი დანით მოკლა. ასევე დაჭრა მგზავრი, რომელიც მსხვერპლის დახმარებას ცდილობდა. მგზავრების ცნობით, თავდასხმა სრულიად არაპროვოცირებული იყო და მსხვერპლი, სავარაუდოდ, შემთხვევით შეირჩა. ავტობუსის მძღოლს შოკის გამო საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია ადგილზე სწრაფად მივიდა, რადგან მიიღეს შეტყობინება, რომ ავტობუსში ვიღაც უცნაურად იქცეოდა. ინციდენტის შემდეგ ეჭვმიტანილი ავტობუსიდან ჩამოვიდა და პოლიციამ დააკავა.

VRT News-ის ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ეჭვმიტანილი შევიდა კუთხის მაღაზიაში, რომელიც დანით თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. მან მაცივრიდან Red Bull-ის ორი ქილა ამოიღო, ფული არ გადაიხადა და ინგლისურად თქვა: "ფული არ მაქვს", "პოლიციას დაურეკეთ". მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ მამაკაცს "უცნაური გამომეტყველება" ჰქონდა და "დაჭრილი" ჩანდა. მან პოლიცია გამოიძახა, თუმცა მამაკაცის დაკავება ვერ შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 38 წლისაა და ქართული წარმოშობისაა. ჯერ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. დანით დაჭრის შემდეგ იგი ფსიქიატრმა გასინჯა.

"არ არსებობს არანაირი მინიშნება იმისა, რომ თავდასხმის მოტივი ტერორიზმი იყო, რაც ბადებს კითხვას, თუ რამ აიძულა ადამიანი, ორშაბათს, შუადღისას ანტვერპენში ავტობუსში შემთხვევითი უცნობი ადამიანით დანით მოეკლა", - წერს VRT News.

ეჭვმიტანილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.