რუსთავის ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება

2025-03-09 16:04:05

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაბინძურება ფიქსირდება რუსთავშიც 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 35.51მკგ/მ3 , PM10-ის მაჩვენებელი 61.94კგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე  PM2. 5-ის მაჩვენებელი 61.73 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის  95.13მკგ/მ3.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge/ "რეკომენდაციების" ველში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.