რა უნდა ვიცოდეთ "ღორის გრიპზე"?

2025-02-05 16:44:45

მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათაგან ყველაზე ხშირი H1N1 ვირუსით გამოწვეული ანუ ე.წ. ღორის გრიპია. ისევ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პნევმონიით გართულებული შემთხვევები. ღორის გრიპი, არის ვირუსული ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზე. ვირუსი თავდაპირველად ღორებისგან გავრცელდა, მაგრამ დღეს უკვე ადამიანებს შორისაც ვრცელდება.

ღორის გრიპი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ხველის, ცემინების ან საუბრის დროს. ასევე, შესაძლებელია ვირუსის გადადება დაბინძურებული ზედაპირებიდან ხელებზე და შემდეგ - ლორწოვან გარსებზე შეხებით.

მოკლედ ჩამოვთვალოთ ღორის გრიპის ზოგადი სიმპტომები: ტემპერატურის მატება 38-39 გრადუსამდე; გულისრევა, პირღებინება (რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან) მაღალი ტემპერატურის ფონზე, დიარეა (აღენიშნება პაციენტთა 45%-ს); თვითშეგრძნების გაუარესება, ძილიანობა, სისუსტე, მოდუნება; კუნთებისა და სახსრების ტკივილი; რესპირატორული სიმპტომები გამოხატულია ხველით, ყელში ფხაჭნის შეგრძნებით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით.

H1N1 გრიპის მძიმე ფორმის ნიშნები

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც მძიმე ფორმის H1N1 გრიპის განვითარებაზე მიგვანიშნებს, არის მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, რომელსაც გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. ეს გახლავთ: ტკივილი ლოკალიზებულია შუბლის არეში, წარბების რკალების ზემოთ; ტკივილი ძლიერდება ამ არეში კუნთების მოძრაობისას (თვალების ხამხამისას, მიმიკის შეცვლისას); ზოგჯერ აღინიშნება სინათლის შიშიც; აღინიშნება თვალის კაკლების ტკივილი თვალების მოძრაობისას.

მძიმედ მიმდინარე ღორის გრიპს თან ახლავს გამოხატული სუნთქვის უკმარისობა: პაციენტს არ ჰყოფნის ჰაერი, აჩქარებული აქვს სუნთქვა, აქვს შეგრძნება, რომ ფილტვები ჰაერით ბოლომდე არ ივსება (უჭირს ღრმად ჩასუნთქვა).

H1N1 გრიპის გართულებები

H1N1 გრიპის ყველაზე საშიში გართულებაა პირველადი (ვირუსით გამოწვეული) პნევმონია. ფილტვების ანთება ღორის გრიპის ფონზე შეიძლება უშუალოდ H1N1 ვირუსით იყოს გამოწვეული ანუ იყოს ვირუსული პნევმონია. თუმცა შეიძლება პროვოცირებული იყოს ბაქტერიული ინფექციითაც. ასევე შეიძლება ჰქონდეს ვირუსულ-ბაქტერიული ანუ შერეული ხასიათი.

პირველადი (ვირუსული) პნევმონია ღორის გრიპის დროს განსაკუთრებულად საშიშია. იგი დაავადების დაწყებიდან 2-3 დღეში ვითარდება და ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, სუნთქვის გახშირებით 2-3 ჯერ ნორმასთან შედარებით (შეგახსენებთ, რომ ნორმაში ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა კი - 18-20). სუნთქვა ხდება ზედაპირული, მასში ჩართულია დიაფრაგმის კუნთები, მუცლის პრესი, აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობის ნიშნებიც (ციანოზი, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის სილურჯე, ასევე ციანოზური ხდება ხელისა და ფეხის თითები), ქოშინი, მშრალი ხველა მცირე რაოდენობით გამჭვირვალე ნახველით. ვირუსული ეტიოლოგიის ფილტვების ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს დისტრეს-სინდრომი, ფილტვების შეშუპება, რომელიც რეანიმაციული ღონისძიებების გარეშე სიკვდილის მიზეზი ხდება.

ბაქტერიული ეტიოლოგიის პნევმონია დაავადების დაწყებიდან მე-7-10 დღეს ვითარდება. ვირუსულისგან განსხვავებით, მას ახასიათებს ხველის გაძლიერება, ტკივილი გულმკერდში, ნახველი შედარებით მუქია, ჩირქის მინარევით. მეორეული ინტოქსიკაცია ტემპერატურის ხელმეორედ მატების და თვითშეგრძნების გაუარესების მიზეზი ხდება. პროგნოზი კი დიდწილად არის დამოკიდებული სწორ მკურნალობაზე. ბაქტერიული პნევმონიების თითქმის ნახევარი გამოწვეულია პნევმოკოკებით, ყოველ მეექვსე პაციენტს ოქროსფერი სტაფილოკოკი ამოეთესა, იშვიათად ბაქტერიულ პნევმონიას ჰემოფილუსის ჩხირი იწვევს.

შერეული პნევმონია სიმპტომების ფართო სპექტრით ხასიათდება. მკურნალობა კომპლექსურია, ხანგრძლივი და საჭიროა სტაციონარში ყოფნა.

ღორის გრიპის სხვა გართულებებს შორის აღსანიშნავია პერიკარდიტის, მიოკარდიტის, ჰემორაგიული სინდრომის განვითარების მაღალი რისკი, შეიძლება განვითარდეს თრომბები, ნეფრიტი, ენცეფალიტი, სეროზული მენინგიტი.

როგორ მივხვდეთ, რომ მდგომარეობა რთულდება?

რომელი ნიშნები მოწმობს H1N1 გრიპის საშიში გართულებების განვითარებაზე?

სუნთქვის გახშირება, მზარდი ქოშინი, კანის მოლურჯო ელფერი;

ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდში;

ძილიანობა, მოდუნება, თავბრუსხვევა და ცნობიერების დარღვევის ეპიზოდები;

განმეორებითი ღებინება, ადრეული ასაკის პაციენტებში - გახშირებული ამოქარვება;

სიმპტომების (ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა) ხელახლა განვითარება მდგომარეობის დროებით გაუმჯობესების შემდეგ.

მკურნალობა და საერთო რეკომენდაციები ღორის გრიპის დროს

აუცილებელია წოლითი რეჟიმი დაავადების მიმდინარეობისას და კიდევ 7 დღე სიმპტომების შემცირებიდან - გართულებების თავიდან ასაცილებლად. უნდა შეიზღუდოს კონტაქტები, ეს აუცილებელია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და აგრეთვე სხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად; საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება (კომპოტები, ჩ ვიტამინით მდიდარი სასმელები - ასკილის, მოცხარის ნაყენები); აუცილებელია კვების სრულფასოვანი რეჟიმი, რაციონი უნდა შეიცავდეს ადვილად ათვისებად ცილებს (უცხიმო ხორცს, რძემჟავა პროდუქტებს, კვერცხს...). უნდა გამოირიცხოს ცხიმოვანი, შემწვარი, კონსერვირებული პროდუქტი, ნახევარფაბრიკატები, სწრაფი კვების პროდუქტები; საჭიროა ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება, თეთრეულის, პირსახოცების ხშირად ცვლა, შენობის ხშირი განიავება;

რისკ-ჯგუფში მყოფი პაციენტები უნდა მოთავსდნენ სტაციონარში.

მედიკამენტური მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: ანტივირუსული პრეპარატები (რელენზა, ტამიფლუ) აუცილებელია H1N1 გრიპის ლაბორატორიულად დიაგნოსტირებისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში მომატებული რისკის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტებში კი, ვინც რისკ-ჯგუფში არ არიან, საშუალო და მსუბუქი ფორმის გრიპის დროს ინიშნება ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები. ინიშნება სიმპტომური მკურნალობა, რომელიც მიმართულია გამოხატული სიმპტომების წინააღმდეგ: სიცხის დამწევები, ტკივილგამაყუჩებლები, ცხვირის წვეთები (სისხლძარღვთა შემავიწროებლები), მუკოლიზური საშუალებები ნახველის გასათხელებლად;

პათოგენეზური თერაპია მხოლოდ სტაციონარში ტარდება და გულისხმობს გლუკოკორტიკოიდების (ჰორმონების), სიმპატომიმეტიკების დანიშვნას ორგანიზმის დეზინტოქსიკაციის და დისტრეს-სინდრომის თავიდან აცილების მიზნით.

მეორეული ანუ ბაქტერიული პნევმონიის სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკები გამომწვევის შესაბამისად, სიმპტომური საშუალებები, აგრეთვე ფიზიოთერაპიული პროცედურები რეაბილიტაციის პერიოდში.

ღორის გრიპი, განსაკუთრებით ბავშვებში, ხშირად პნევმონიით რთულდება?
ის გრიპი, ისევე როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციები, ზოგჯერ შეიძლება გართულდეს პნევმონიით, განსაკუთრებით ბავშვებში. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

1. ბავშვთა იმუნური სისტემის თავისებურებები: ბავშვების იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და შესაძლოა არ იყოს საკმარისად ძლიერი, რომ ეფექტურად ებრძოლოს ვირუსს. ბავშვებს ხშირად არ აქვთ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი კონკრეტული ვირუსის შტამის მიმართ, რაც მათ უფრო დაუცველს ხდის.

2. ვირუსის სპეციფიკა: ღორის გრიპის ზოგიერთი შტამი უფრო აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება ფილტვებში, რაც ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს. ვირუსმა შეიძლება დააზიანოს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი, რაც ხელს უწყობს ბაქტერიული ინფექციის დართვას და პნევმონიის განვითარებას.

3. სხვა ხელშემწყობი ფაქტორები: ბავშვები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი პნევმონიის განვითარებისკენ ღორის გრიპის გადატანის შემდეგ.

არასაკმარისი კვება, ვიტამინების ნაკლებობა და ცუდი ჰიგიენური პირობები ასევე ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის გართულებების რისკს.

4. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პნევმონია შეიძლება იყოს ძალიან საშიში გართულება, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ, თუ ბავშვს აქვს ღორის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.


კვირის პალიტრა