საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“, რათა, მისი თქმით, „ხელისუფლებას ქვეყნის ეფექტურად მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები“ ჰქონდეს.
როგორც მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.
მისი თქმით, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა.
„საკანონმდებლო ცვლილებებს ვიწყებთ, რომ ქვეყნის არაეფექტიანი მართვისკენ მიმართული კანონები შეცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები. დღეს წარმოგიდგეთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი ნორმების მიღებით.
მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.
სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდო ლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის, ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე. ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ანუ, ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია იქნება, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაისჯება და ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც. ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით“, - განაცხადა მდინარაძემ.