1 თებერვალს, საავადმყოფოში გარდაიცვალა 44 წლის ზამირ კვეკვესკირი, დევნილი, რომელმაც 27 იანვარს, დევნილთა სააგენტოსთან, თავის დაწვა სცადა. ის სხეულის 65%-ის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით მოხვდა საავადმყოფოში.
ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ნუკრი ნოდიამ, მოძრაობის, „აფხაზეთისთვის“ დამფუძნებელმა. რადიო თავისუფლებასთან მან ივარაუდა, რომ მომხდარი აფხაზეთიდან დევნილების მიმართ სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკას უკავშირდებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“ კაცი დასთან ერთად იყო მისული.
1 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა” და მისი “სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ”.