ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.
აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო.
ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება.
სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.