მედიის წარმომადგენლბი თბილისში, შსს-სთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
ადგილზე სხვადასხვა ტელემაუწყებლობის ჟურნალისტები, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსები და სააგენტოების ჟურნალისტები იმყოფებიან. შსს-სთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ კოლეგას და ითხოვენ უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
ინფორმაციისთვის, "საიას" თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც იზოლატორში ამაღლობელი მოინახულა, განაცხადა, რომ ირაკლი დგებუაძე დაკავებულ მედია მენეჯერს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჰქონდა ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობებიც, რაში ხელის შეშლაც, პოლიციის უფროსისთვის მისივე თანამშრომლების მხრიდან მოხდა.
მზია ქურდოვანიძის მონათხრობის მიხედვით, ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
შეგახსენებთ, გამოცემების, "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დამფუძნებელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი მეორედ, ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მედიის წარმომადგენელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან. პროკურატურა ამაღლობელზე ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას შეფარდებას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).