საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

2025-01-04 12:16:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. გაძევების პროცედურის ფარგლებში, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები - ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია", - აცხადებს სამინისტრო.

მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყნიდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.