შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების მიმართვაშია ნათქვამი, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
“საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შსს-ს თანამშრომელი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ მართლწესრიგს.
პოლიციის მხრიდან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ, გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.