25 ნოემბერი - XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

2024-11-22 12:38:35

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთი "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება. თავდაპირველად, პარლამენტის აპარატი, ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას განახორციელებს, პარლამენტის წევრები სხდომაზე დასწრებას სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით დაადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ჩანიშნულია საპროტესტო აქცია.

"ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა", - მოქალაქეები ამ სლოგანის ირგვლივ 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბებიან.