კიდევ ვისთვის იქნება რუსთავში ავტობუსით მგზავრობა უფასო

2024-06-27 19:07:10

იმ პირთა წრე, რომლებიც რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ, გაფართოვდა. ამის შესახებ დღეს გამართულ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

სხდომაზე მომხსენებელი ქალაქის მერის მოადგილე, ოთარ ტატალაშვილი იყო. მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირები ისარგებლებენ.

"ეს ეხებათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ზრუნვაში 18 წლამდე არიან ადამიანები და უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით, განათლებით, საცხოვრისით და ყველა სხვა საჭიროებით. შესაბამისად, უკვე ზრუნვიდან გამოსულ პირებს მხარდაჭერა სჭირდებათ. რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებობდა პროგრამა, რომელიც მათ გაძლიერებაზე იყო მიმართული და დღესაც არსებობს, თუმცა ამას დაემატა გარკვეული ტიპის მხარდაჭერები, როგორიცაა მათი ჩართვა სხვადასხვა, მუნიციპალიტეტში უკვე არსებულ პროგრამაში. სხვა რამდენიმე სიახლესთან ერთად, მათ შეეძლებათ, შიდა ტრანსპორტით ისარგებლონ უფასოდ", - განაცხადა მერის მოადგილემ.

ქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით სოციალურ პროგრამაში განსახორციელებელ ცვლილებას მხარი დაუჭირა.