დაასუბსიდირებს თუ არა მთავრობა EURO 2024-ისთვის პირდაპირ რეისებს

2024-04-08 20:22:45

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა.

საკითხზე კომენტარი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა ფრენების სუბსიდირება ან ბილეთზე მაქსიმალური ფასის დაწესება, დავითაშვილი განმარტავს, რომ საკითხზე უწყება მუშაობს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რა ფორმით მოხდება ხელმისაწვდომი ბილეთების შეთავაზება.

"დღეს მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან. ჩვენი უწყებები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. დღეს ვერ გეტყვით, როგორი იქნება ფორმა ამ მხარდაჭერის, თუმცა ამოცანა გასაგებია და ეს ამოცანა ძალიან ლოგიკურია. ჩვენს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ხელმისაწვდომ პირობებში, მხარი დაუჭირონ თავიანთ ეროვნულ გუნდს, რასაც დიდი ხანი ველოდით. ასე რომ, ჩვენ ეს დავალება მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა შევასრულოთ. ჩვენ ამ დღეებში, ამ კვირის განმავლობაში დავამუშავებთ პრემიერის დავალების შესაბამისად საკითხს და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.