რუსთავში აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

2024-02-25 16:18:58

რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას მონიტორინგის მიზნით,  სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის  და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე , სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

,,რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,  პროექტი მოიცავს ორ უკვე არსებულ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას   და ერთი ახლის მოწყობას.  უკვე  არსებული ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, სრულიად ახალ საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნაზეც ვმუშაობთ. აღნიშნული   პროექტის დასრულების შემდეგ, ტრანსპორტისგან განიტვირთება ცენტრალური ქუჩები, ფეხით მოსიარულეთათვის კი  გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია GWP-იმ აღნიშნულ ლოკაციაზე 500 მმ დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი შეცვალა, მოეწყო ახალი  წყალარინების ქსელი და ჩამკეტი ურდულებიც. შეიცვალა გაზის და ელექტროენერგიის მიწისქვეშა კომუნიკაციები.

პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე ეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელიც, გაკეთდა 500 მმ-ი დიამეტრის კოლექტორი,   დღემდე  აფხაზეთის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა. 

ამ ეტაპზე  მიმდინარეობს  ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. გათვალისწინებულია ველობილიკების, ტროტუარების, გარე განათებისა და სარწყავი სისტემის, მწვანე სივრცეების მოწყობაც.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 3 994 439 ლარია.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.