რუსთავში მუნიციპალური IT აკადემია შეიქმნება

2024-02-13 13:55:07

რუსთავში მუნიციპალური IT აკადემია შეიქმნება.

ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2024 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციის დროს განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კითხვას, აკადემიისთვის ცალკე შენობა აშენდება თუ უკვე არსებობს შესაბამისი სივრცე, ქალაქის მერმა უპასუხა, რომ აკადემიისთვის საჭირო შენობა უკვე არსებობს.

"ვახსენეთ ორი მთავარი მიმართულება, განათლება რჩება მთავარ პრიორიტეტად და მედიათეკა არის რუსთავში ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა დავიწყეთ და განვახორციელეთ. დღეს ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია ნახოს ყოველდღიურად რამდენად დატვირთულია ახალგაზრდებით ეს სივრცე. არაფორმალური განათლების კუთხით ვაგრძელებთ მუშაობას. ბიბლიოთეკების რეფორმა გულისხმობს უკვე საბავშვო ბიბლიოთეკის შექმნას.

ასევე ახალგაზრდებთან შეხვედრისას გამოიკვეთა სწორედ ციფრული და IT მიმართულება. ამ კუთხითაც ცოტა ხანში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. გვაქვს შენობა, სადაც შეიძლება რუსთავის მუნიციპალური IT აკადემიის ჩამოყალიბება",- განაცხადა ლაცაბიძემ.