იცოდი? - რომელი წლიდან აქვს და როგორ გამოიყურება რუსთავის გერბი და დროშა

2023-11-02 13:06:11

იცოდი? - რომელი წლიდან აქვს და როგორ გამოიყურება რუსთავის გერბი და დროშა.

რუსთავის გერბი და დროშა 2009 წელს საკრებულოს მიერ 217 დადგენილების მიღებით დამტკიცდა.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნილ გერბზე დატანილია ფარის, ვაზის, გვირგვინის, ციხესიმაგრის, მდინარისა და სხვა სიმბოლოები.

ჰერალდიკური ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ვერცხლისფერია, მეორე კი - წითელი. მთლიანად ფარის ველის მარცხენა ნაწილი არის წითელი ფერის, ხოლო მარჯვენა ვერცხლისფერი. ფარის მარცხენა წითელი ფერის ველის თავში გამოსახულია ვერცხლისფერი ჯვარი, რომელიც რუსთავში ეპარქიის არსებობის აღმნიშვნელია, ხოლო მარჯვენა ვერცხლისფერი ველის თავში გამოსახულია ხუთქიმიანი ტიტულარული წითელი გვირგვინი. გვირგვი საუფლისწულო ქალაქის მანიშნებელია.

ფარზე მოთავსებულია ორი სარტყელი, I გალავანი, რუსთავში არსებული ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი, II მდინარე, უძველესი რუს აღმნიშვნელია, საიდანაც წამოვიდა ქალაქის სახელწოდება.

გალავანი და მდინარე ორი ფერით არის გამოსახული. მარჯვენა ნაწილი ვერცხლისფერ ველზე წითელი, მარცხენა - წითელ ველზე ვერცხლისფერი.

გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი.

ფარის ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხესიმაგრის ფორმის) საქალაქო გვირგვინი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "რუსთავი".

რუსთავის დროშა მართკუთხა ფორმისაა, პროპორციით 2/3.

დროშის ველი ვერტიკალურად არის გაყოფილი და მარჯვენა ნაწილი ვერცხლისფერია, მარცხენა კი წითელი.

მარცხენა წილ ველზე გამოსახულია ვერცხლისფერი ჯვარი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები