უკრაინაში პოლიციელმა ქართველი კაცი მოკლა

2023-08-31 18:36:01

ქალაქ დნიპროში, სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი კუთვნილი ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სილაგავა ავტომობილში ყოფილ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სიტყვიერი კამათი პოლიციელებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ამავე სააგენტოს ცნობით, სილაგავამ პოლიციელ ქალს სცემა.

პოლიციამ ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მამაკაცს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, ის ადგილზე დაიღუპა.

უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოკლული მამაკაცი დნიპროში ე.წ.კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა.

მომხდარზე გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო ბიურო აწარმოებს.

გენერალური პროკურატურის ცნობით, პოლიციელი უკვე დაკავებულია.