რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქრისტინა კოპალიანმა მარაბდაში ტაქსისტის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ სამ პირს, ნ.ა-ს, ა.ა-ს და როიალ პირიევს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა განგვიცხადა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს.
სასამართლო პროცესს ორი ბრალდებული ესწრებოდა, პროკურორის თქმით, მესამე ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.
"ორი ბრალდებული ესწრებოდა, ერთი ამ ეტაპზე კვლავ მიმალვაში იმყოფება. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ამ ეტაპზე არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ. კერძოდ, არსებობდა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა, რომ სამივე ბრალდებულმა ჯგუფურად ანგარების მოტივით, განზრახ მოკლა ადამიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში განსაკუთრებული სისასტიკით, შემდეგ გვამი გადამალვის მიზნით მისივე ავტომობილით წამოიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში და ჩაფლეს მდინარის პირას. ფაქტების და ინფორმაციების საფუძველზე არსებობდა ვარაუდო, რომ მათი მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. ეს პოზიციაც სრულად გაიზიარა სასამართლომ და თითოეულ მათგანს შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა", - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, გვამთან ერთად არის ნაპოვნი მკვლელობის იარაღი, ტროსი.
ორი ბრალდებულის, ა.ა-სა და ნ.ა-ს ადვოკატის ზაზა ზარიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დუმილის უფლებას იყენებენ.
მესამე ბრალდებულის როიალ პირიევის, რომელიც პროკურორის განცხადებით მიმალვაშია, ადვოკატის განცხადებით, მას აქვს ვერსია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულებმა ა.ა-მ და ნ.ა-მ ისევე მოიშორეს, როგორც დაზარალებული.
"ნამდვილად არავინ არ იცის, თუ სად იმყოფება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი როიალ პირიევი. მე სასამართლოში განვაცხადე, რომ ბრალდების მხარე ამბობს, რომ ამ ორ პიროვნებასთან ერთად იყო. ბრალდების მხარეს დაცვის მხარისთვის არ გადმოუცია არცერთი მტკიცებულება, სადაც იქნება, რომ როიალ პირიევი იყო მათთან ერთად. მე მაქვს ვერსია, რომელზეც გამოძიება უნდა მუშაობდეს, სავარაუდოა, და არ გამოვრიცხავთ, რომ როგორც ის დაზარალებული მოიცილეს, ასევე მოიცილეს როიალ პირიევი",- განაცხადა შოთა გელაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის - 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს. ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.