"FLEX"-ის კიდევ ერთი რუსთაველი ფინალისტი

2022-04-23 18:48:44

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი "FLEX"-ის პროგრამის კიდევ ერთი რუსთაველი ფინალისტი, თაკო ეგნატაშვილია.

თაკო მეათე კლასის მოსწავლეა და ის სკოლის ერთ აკადემიურ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს.

მიღწეულ წარმატებაზე გოგონა ჩვენი რუბრიკის მკითხველს თავად უყვება.

"მე გახლავართ რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, თაკო ეგნატაშვილი და ვარ FLEX პროგრამის 2023-2024 წლის ფინალისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ აკადემიურ წელს ამერიკაში გავატარებ.


ამ წლის განმავლობაში, მე ვიქნები საქართველოს პატარა ელჩი შტატებში და ვეცდები, ჩვენი ქვეყნის არაჩვეულებრივი კულტურა გავუზიარო ამერიკაში ჩემ გარშემო მყოფებს. ასევე, ვაპირებ მათი ცხოვრების წესის შესწავლასაც, რაც დამეხმარება იმაში, რომ დაბრუნების შემდეგ, ამერიკელი ხალხის კულტურა გავაცნო ჩემს თანატოლებს.

FLEX-ის შესახებ ღრმა ბავშობიდან მქონდა ინფორმაცია, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი გახლავთ ამ პროგრამის კურსდამთავრებული. მახსოვს, პატარაობაში თავის ამერიკული თავგადსავლებით გვაოცებდა და სწორედ იმ წამიდან დაისახა პატარა თაკომ მიზნად, რომ  FLEX-ის ფინალისტი გამხდარიყო. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც შევხვდები იქურ მოსწავლეებსა და ოჯახს, რომელიც ერთი წელი ჩემზე იზრუნებს.

აქტიური მოსწავლე ვარ, ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, რამაც ვფიქრობ, ლიდერობისა და სწორი კომუნიკაციის უნარი ჩამომიყალიბა. იმისათვის, რომ ფინალისტობის სტატუსი მიმეღო, ბევრი ვიშრომე და სასურველმა შედეგმაც არ დააყოვნა.


ჩემს თანატოლებს ვურჩევ, რომ რესურსები არ დაიშურონ იმიტომ, რომ აუცილებლად დაუფასდებათ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები