საბერძნეთში უბედურ შემთხვევას 32 ადამიანი ემსხვერპლა [video]

2023-03-01 11:05:36

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად. [ვიდეო/video]

მედიის ცნობით, კრიტიკულად მძიმეა 25 დაშავებულის მდგომარეობა.

კატასტროფა 28 თებერვალს, ღამით მოხდა ქალაქ ლარისასთან. ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი ერთმანეთის პირისპირ ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. თესალიის რეგიონის გუბერნატორმა კონსტანტინოს აგორასტოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ვაგონი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

ცეცხლს 150-მდე მეხანძრე აქრობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო პოლიციის 15 ეკიპაჟიც და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 40 ბრიგადა. მატარებლის ის მგზავრები, რომლებიც კატასტროფას გადაურჩნენ და არც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, სალონიკამდე ავტობუსებით ჩაიყვანეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები