პირის ღრუს სწორად მოვლა ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რა არის მითი და რა რეალობა, როგორ უნდა შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი სწორად და დეტალები, რომელიც ამ კუთხით პატარების მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ - რჩევებს "ინფო რუსთავის" გადაცემაში "ვიზიტი ექიმთან", პაროდონტოლოგი ლალი ქოჩიაშვილი გვიზიარებს.
"პირის ღრუს მოვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ეს არის ერთ-ერთი ჰიგიენის რუტინა, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ სახლში, სასურველია დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. არის შემთხვევები, როცა პაციენტები ამბობენ, რომ მხოლოდ საღამოობით იხეხავენ კბილებს ან უვლიან პირის ღრუს, როცა ეს რეკომენდირებული დღეში ორჯერ არის.
პირის ღრუში მინიმუმ 28 კბილია და ყველა ეს კბილი 360 გრადუსით რომ გავისუფთავოთ სწორად, ამას მოხერხება სჭირდება. ყველას კბილები განსხვავებულად დგას, განსხვავებული ზომისაა, ზოგი პირის ღრუს ვერ აღებს კარგად, ზოგი მემარჯვენეა, ზოგიც მემარცხენე, ზოგის ნერწყვი ოდნავ ბლანტია, ზოგის უფრო თხელი, ეს კი ამ ბაქტერიების რეცხვას ართულებს. გამოდის, რომ შენ შენი თავისთვის უნდა იპოვო ინდივიდუალური ჯაგრისი, ისეთი, როგორიც შენ გეკომფორტულება ყველაზე ძალიან, უნდა იპოვო კბილებს შორის საწმენდი საშუალებები, რომლებიც შენ გეკომფორტულება და გეხერხება, რომ გამოიყენო, ასევე შესაბამისი კბილის პასტა და სავლები. მერე ამას მონიტორინგს ვუკეთებთ ხომ? ყოველ 3 ან 6 თვეში ერთხელ, პაციენტი როდესაც მოდის, ვღებავთ ნადებს, რომელიც თვალით არ ჩანს, ლურჯი ფერი ეკვრება და ძალიან კარგად ხედავს თვითონ პაციენტიც, რომელი კბილის რომელი ზედაპირები გალურჯდა და უფრო კარგი წარმოდგენა ექმნება, სად უნდა გაამახვილოს ყურადღება ხეხვის დროს. თუ ეს ბავშვობის ასაკიდან გაიმეცადინა ადამიანმა, მაშინ ძალიან ბევრ პრობლემას თავიდან იცილებს.
რა საშუალებაც არ უნდა გვქონდეს სახლში, სხვადასხვა აპარატი თუ ვთქვათ ეს არის ირიგატორით გამორეცხვა კბილების, ჯაგრისს არაფერი არ ცვლის, აუცილებელია. ძირეული განსხვავება ჯაგრისებს შორის არის ის, რომ თვითონ ჯაგრულებს აქვს გარკვეული სირბილე, რაც უფრო მეტი ღერია, მით უფრო რბილია ჯაგრისი. დღეს არის ასეთი ტენდეცია კვლევებზე და გამოცდილებებზე დაყრდნობით, რომ სასურველია, გამოვიყენოთ რბილი ჯაგრისები იმიტომ, რომ ჩვენ ვიხეხავთ კბილებს და ღრძილებსაც. ღრძილსა და კბილს შორის არსებობს დაახლოებით 1 მილიმეტრიანი ღარი, სადაც სითხე დგას და იქ სულ გროვდება ნადები. თუ ჯაგრისი ძალიან რბილია, ღარში ისე თავისუფლად შედის, რომ ადამიანს არ აქვს ტკივილის შეგრძნება. რაც უფრო რბილია, უფრო უსაფრთხოა, უფრო ღრმად შედის ღრძილქვეშ, თუმცა ყველაფერს ხომ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. იმიტომ რომ რბილია, მეტი მოძრაობა სჭირდება ნადების სისქის ჩამოსაცილებლად, თუ მაგარი ჯაგრისით ერთ ჩამოსმაში ჩამოფხეკთ ამ ყველაფერს, რბილს 1 კი არა 10 ჩამოსმა სჭირდება.
სოდა და ლიმონი, ძმარი, ნახშირი, ბევრი რაღაც მსმენია - არცერთი არ არის სამეცნიეროდ დადასტურებული, რომ მართლა ეფექტურია. ექიმების ვარაუდით, ის უბრალოდ აცილებს იმ ნადებს, რასაც ჯაგრისით ვერ იხეხავენ. გამოჩნდება შემდეგ კბილი და ჰგონიათ, რომ ეს გათეთრდა, არ გათეთრდა, უბრალოდ გაიხეხეს, ბევრი დრო დახარჯეს ხეხვაზე, ეს ეფექტი უფრო არის ხოლმე. ამიტომ მითია, რომ შეიძლება ლიმნით, სოდით ან ნახშირით, კბილი გათეთრდეს, ეს არაა სწორი წარმოდგენა. ხშირად ბავშვთა ასაკში, როდესაც კბილები ამოდის, სისხლდენიანია ღრძილი ან სტომატიტი ემართებათ ვირუსების დროს და მკურნალობენ შაბით, ან ბალახეული ნაყენებით იმიტომ, რომ ასე თქვა მეზობლის მეზობელმა. ეს აბსოლუტურად არ არის სწორი, რადგანაც ხშირად ამ შაბზე წარმოიქმნება დამწვრობები ლორწოვანი გარსის, ნეკროზები, გარკვეულ ბალახებზე ალერგიები. ამიტომ ვხდავთ ხოლმე, რომ მკურნალობის ნაცვლად, სხვა დაავადება დაერთო თან ამ პირის ღრუს, რადგანაც ბევრი ჯადოქრობა გამოიყენეს სახლში. დღეს უფრო ეფექტური საშუალებები არსებობს, თუნდაც ბავშვთა ასაკში ლორწოვანის დაავადებების მკურნალობის, ამიტომ ვურჩევთ ყოველთვის, რომ ერთი ზარი ან ვიზიტი სტომატოლოგთან, უფრო ეფექტურ საშუალებას მიგვაგნებინებს, ვიდრე ჩვენ დავცადოთ სხვადასხვა ამბები სახლში", - აცხაებს ლალი ქოჩიაშვილი.