საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

2023-01-30 15:33:57

პაციენტი, რომელსაც ოპერაციის დროს ჩარჩენილი სამედიცინო ინსტრუმენტი, მუცლის ღრუდან ამოუღეს, მკურნალობის პროცეს სახლში აგრძელებს.

მისი ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტმა, საავადმყოფო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, 22 წლის გოგონას ოპერაციის დროს ექიმებმა მუცლის ღრუში მაკრატელი დაუტოვეს. აღნიშნული ქირურგიული ჩარევა 3 თვის წინ, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში მოხდა.

"ინფო რუსთავს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები, კლინიკაში შემთხვევიდან უახლოეს პერიოდში შევიდნენ და საკითხის შესწავლა დაიწყეს.

სწორედ საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რა სანქციები დაეკისრება სამედიცინო დაწესებულებას.