"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა.
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.
მისივე თქმით, არჩევნები ბლოკჩეინის ფორმით ჩატარდება.
"კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი წარმოადგინეს. ერთი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას და მეორე იყო ბლოკჩეინის. ამ ვითარებაში ბლოკჩეინი ავირჩიეთ, 69 იყო ბლოკჩეინის მომხრე და 1 იყო წინააღმდეგი. ნიკა მელიას ჯგუფმა წარმოადგინა ბლოკჩეინის სისტემა.
რაც შეეხება თარიღს, როგორც პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზე სრული მხარდაჭერა იყო, პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი. პოლიტსაბჭომ სრული მხარდაჭერით მიიღო ეს წინადადება.
კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს საღამოს 18:00 საათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც პოლიტსაბჭოს 5 წევრისგან შედგება, თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება თითოეულ კანდიდატს“, - განაცხადა ნაყოფიამ.
სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა პარტიის ფინანსების განსაზღვრა, რადგან ის ღიად უჭერს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს მხარს.