"შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს"

2022-12-11 14:36:54

"საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება - ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვიანებული შემთხვევებით მიმართვებმა მოიმატა.

ამასთან, ცერცვაძე საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს და რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე COVID-ზე ტესტის ჩატარებას ურჩევს.

"როგორც ადრე ვწერდით, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო გადაექცია COVID-ი ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება, ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ვირუსებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.

დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას, ყველა რგოლი დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით, გამართულად ფუნქციონირებს. მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. არცერთი ავადმყოფი არ რჩება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების, მათ შორის სტაციონარული და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული მომსახურების გარეშე. შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად არც ერთხელ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები. არ ყოფილა მედპერსონალის, საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადის და სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პრაქტიკულად არ არის სეზონური რესპირაციული ინფექციებისგან გარდაცვალების შემთხვევები.

შედარებისთვის, 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის დროს ქვეყანაში მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის და მისი გართულებებისგან გარდაიცვალა 50-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის და ამერიკის რიგი ქვეყნები, როგორც COVID-ის, ისე სეზონური რესპირაციული ინფექციების მხრივ აწყდებიან გაცილებით უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე საქართველო. ასე მაგალითად, აშშ-ში, მათივე ოფიციალური მონაცემებით, მარტო გრიპისგან გარდაიცვალა 4500 პაციენტი, ხოლო კალიფორნიაში საწოლების დეფიციტის გამო უხდებოდათ კარვების გაშლა და სახელდახელო „ემერჯენსების“ მოწყობა. ასევე ოფიციალური მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციის 50 შემთხვევიდან 1 შემთხვევა (2%) ფატალურად მთავრდება“, - აცხადებს ცერცვაძე