სატრანსპორტო საშუალების ხმაური დასჯადი გახდა

2022-11-30 19:43:02

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო კანონპროექტები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები განხორციელდა.

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ხმაურის დასაშვები დონე და ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას. აღნიშნული კანონდარღვევისთვის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდებით.

კანონი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.