"ჯერი უკვე საკრებულოზეა" [video]

2022-11-15 12:02:51

რუსთავის 2023 წლის საწყისი ბიუჯეტი 87 მილიონს შეადგენს და პროექტი უკვე გადაგზავნილია საკრებულოსთვის.

ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის დასამტკიცებლად ჯერი საკრებულოზეა.

"დატვირთული და რთული სამუშაო პროცესის შემდეგ როგორც მერიის გუნდში, ასევე მოსახლეობასთან კონსულტაციაზე დაყრდნობით, კანონის შესაბამისად და ვადების სრული დაცვით, რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარვადგინეთ რუსთავის საკრებულოში.

ბიუჯეტს პოზიტიურად ვიწყებთ და 87 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ჩვენ 2022 წლის ბიუჯეტშიც რამდენჯერმე მოვახდინეთ ცვლილება, გავზარდეთ ბიუჯეტი. ახლაც საგადასახადო შემოსავლების დაზუსტების შემდეგ 2023 წლის პირველივე კვარტალში ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ბიუჯეტი გაიზრდება, რაც იქნება ახალი შესაძლებლობა ახალი პროექტების განსახორციელებლად. მერიის გუნდი კი ვმუშაობთ უკვე, რომ ზრდის ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ. რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მზადაა, არის უკვე საკრებულოში და ჯერი უკვე საკრებულოზეა.

თქვენ იცით იმ არცთუ ჯანსაღი სიტუაციის შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ოპოზიციური რუსთავის საკრებულოში მიმდინარეობდა. გასულ კვირაში კი ამ არეულობამ კულმინაციას მიაღწია.

ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც საკრებულოს უმრავლესობა და ოპოზიციური ნაწილი თავმჯდომარესთან ერთად, რომლებსაც, სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში არცერთი საქმიანი ინიციატივით არ მოუმართავთ, თუ არ ჩავთვლით შტატების დამატებასა და ხელფასის ზრდის მოთხოვნას, ახლა მაინც გადადებენ თავიანთ პოლიტიკურ მოთხოვნებს გვერდზე და შეეშვებიან თანამშრომლების დისკრიმინაციას, გაითვალისწინებენ ქალაქის საუკეთესო ინტერესებს და 2023 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ ყოველგვარი ხელოვნური ბარიერის გარეშე",- განაცხადა ლაცაბიძემ.