რუსთავში "ცხენები დაბრუნდებიან"

2022-11-12 00:02:40

რუსთავის შემოსასვლელში ცხენების ცნობილი სკულპტურის დაბრუნება იგეგმება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ცხენების" აღდგენის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

"ჩვენ ბატონს ჯუმბერს ვთხოვეთ, ჩამოვიყვანეთ და მივაგენით ერთ-ერთ ქარხანაში, რომ ეს ცხენები იქ იყვნენ. უნიკალური ამბავია, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ რა გააკეთა ეს ერთია, მაგრამ აქ საუბარია ადამიანზე, რომელიც მსოფლიომ აღიარა სხვადასხვა სიმპოზიუმში და მის მიერ შექმნილი ეს ცხენები რამდენიმე მილიონ ლარადაა შეფასებული. ჩვენი ქალაქის ისტორიაა, რუსთაველი ადამიანის გაკეთებულია და გვიყრია სადღაც. დაუშვებელია, ხომ?

ეს ადამიანი ჩავისვით, მოვიარეთ მთელი ქალაქი, მათ თავისი ხედვა აქვთ, რაშიც არ უნდა შევიდეთ ალბათ და ვთხოვეთ, რომ ეთქვა სად წარმოუდგენია ამ ცხენების დაბრუნება არა იგივე ისტორიით, არამედ განახლებული და სწორედ რუსთავის შემოსასვლელი დაასახელა ერთ-ერთ ვარიანტად, სადაც შეიძლება განვიხლოთ ცხენების დაბრუნება. მან თქვა, რომ შეიძლება ქალაქში არ შემოხვიდე, მაგრამ დაგხვდეს ისტორია, რომელიც გეტყვის, რომ ქალაქი არის განვითარებისკენ და წინსვლისკენ მომართული. ხელოვნებას ხვდები იქამდე, სანამ შემოხვალ ქალაქში. ვმუშაობთ, გვინდა, რომ მოვიძიოთ სახსრები, რადგან გაძარცვულია რაღაც დეტალები. გვინდა, რომ ეს ყველაფერი ღირსეულად აღვადგინოთ, ბევრი არ გვაქვს მსგავსი ნამუშევრები და გვსურს, რომ ეს ჩვენს ქალაქს დაუბრნდეს და იმ გამწვანებასთან, განათებასთან, წარწერასთან ერთად, ეს ცხენებიც ძალიან ღირსეულად დაიკავებს თავის ადგილს", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ერთ დროს რუსთავის სიმბოლოდ ქცეული ქანდაკება, დაახლოებით ათი წელია ქალაქისგან მოშორებით დააბინავეს. ქუთაისის მოედნიდან ცხენების ქანდაკების დემონტაჟის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სკულპტურა გმირთა მემორიალის ადგილზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქანდაკების ქალაქში დაბრუნდების საკითხზე, საუბარი რუსთავის ყოფილი მერის, დავით ჯიქიას მმართველობის პერიოდშიც იყო, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.

შეგახსენებთ, სკულპტურის ავტორები - მოქანდაკე ძმები ჯუმბერ და თამაზ ჯიქიები არიან. რუსთავის შესასვლელში დადგმული  სკულპტურული კომპოზიცია ყოფილი მერის - მერაბ ტყეშელაშვილის იდეია იყო. კომპოზიციის შექმნის სურვილი სწორედ მას ეკუთვნოდა, თუმცა პირველადი ესკიზის მიხედვით, ირკვევა, რომ სვეტებზე სამი ფრთოსანი რაში უნდა დადგმულიყო, რომელთა თავზეც თაღი იქნებოდა აღმართული. საბოლოოდ კი წრეზე მხოლოდ ორი ცხენი დაიდგა. თავის დროზე ცხენების მონტჟს და შემდეგ უკვე დემონტაჟს, რუსთაველების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები