"ბავშვები გაკვეთილზე დილიდან არ გამოცხადდნენ"

2022-10-13 17:31:17

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ბავშვები, რომლებსაც ვაკის პარკში არსებულ შადრევანში დენმა დაარტყა, სკოლაში დილიდანვე არ გამოცხადდნენ, რის შესახებაც დამრიგებელმა მშობლებს აცნობა.

როგორც თამარ მახარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვალდებულება, რაც სკოლას ჰქონდა, შეასრულა.

"უდიდესი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა სიტყვა უძლურია იმ ტრაგედიის გამოსახატად, რაც მოხდა. ეს კონკრეტული ბავშვები 55-ე სკოლაში გაკვეთილზე დილიდან არ გამოცხადნენ. რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელი ვალდებულია, როგორც კი მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდება, მშობლებს აცნობოს. დამრიგებელმა რეგულაციის დაცვით, მშობლებს აცნობა, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდნენ.

ვალდებულება, რაც სკოლას აქვს, როდესაც ბავშვი საგაკვეთილო პროცესზე არ ცხადდება, დამრიგებელმა შეასრულა - შეატყობინა მშობლებს საერთო ჩატში და ისინი ინფორმირებულები იყვნენ",- განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.