ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორი ბავშვი, შოკის მდგომარეობაში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის სამედიცინო დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სკოლის მოსწავლეები შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ.
თბილისის მერმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და თქვა, რომ საკითხს "მოიკითხავენ".
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.