გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა კომისიის თავმჯდომარემ - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
კომისიის 25-ე სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო ქმედებათა კონკრეტული გეგმების განხილვა.