ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა

2022-09-22 18:06:22

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სკოლა ვალდებულია შინ სწავლის რეჟიმზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც სამედიცინო ცნობის საფუძველზე ესაჭიროება მკურნალობა, ერთ თვეზე მეტი ხნით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნება რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში.

სკოლას ამ საჭიროებისთვის ბავშვის მშობელმა უნდა მიმართოს.

აქ არ იგულისხმებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.

მინისტრის ამავე ბრძანების მიხედვით, საშუალო საფეხურზე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ასევე მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში,  სავალდებულო პროექტებში მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.

განმავითარებელი შეფასება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმითაც.

„სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალს“ კი დაემატება მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“.

ბრძანება ძალაში შევიდა გუშინ, 21 სექტემბერს. ბრძანებას ხელს აწერს თამარ მახარაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.