ევროპაში ანომალიური სიცხისგან 598 ადამიანი გარდაიცვალა

2022-07-17 19:27:32

ანომალიური სიცხის გამო ევტოპაში მინიმუმ 598 ადამიანი გარდაიცვალა.

სიკვდილის 360 შემთხვევა ესპანეთში დაფიქსირდა. ინფორმაციას ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტ ავრცელებს. სიკვდილიანობის პიკი პარასკევს იყო, როცა სიცხის მიზეზით სიკვდილის 123 შემთხვევა აღირიცხა. ანომალიური ტემპერატურა სამხრეთ ევროპაში 8 ივლისიდან გრძელდება, ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ ცელსიუსით 45 გრადუსს მიაღწია.

სიცხის ტალღა გავრცელდა პორტუგალიაზეც: პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7-13 ივლისს სიცხისგან გარდაიცვალა 238 ადამიანი, ძირითადად ხანდაზმულები და ქრონიკული ავადმყოფები. 14 ივლისს პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია. ეს ივლისის ტემპერატურის სარეკორდო მაჩვენებელია პორტუგალიაში ტემპერატურაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძლზე.

დიდ ბრიტანეთში სიცხის გამო ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში - მათ შორის ლონდონში, იორკში, მანჩესტერსა და სხვა ქალაქებში - საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე პირველად გამოაცხადა საფრთხის „წითელი“ დონე. ეს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს, პირველ რიგში მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

მაგრამ მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სიცხე შეიძლება ჯანსაღი ადამიანებისთვისაც იყოს სახიფათო. მეტეოროლოგები ბრიტანელებს ურჩევენ, განსაკუთრებით ცხელ პერიოდებში სახლებიდან არ გავიდნენ. გზებზე შესაძლოა სიჩქარის შეზღუდვა შემოიღონ; ზოგიერთი სკოლა განრიგით გათვალისწინებულ დროზე ადრე შეწყვეტს გაკვეთილებს. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურიც საგანგებო მზადყოფნაშია მოყვანილი.

გარდა ამისა, მაღალი სიცხის გამო ხანძრებს ებრძვიან ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.