ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა [video]

2021-09-18 14:01:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს. [ვიდეო/video]

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოგადაღება განახორციელა.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.