საბერძნეთის ციხეში ქართველმა ქართველი მოკლა

2021-06-27 15:55:20

საბერძნეთში, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქემ მეორე საქართველოს მოქალაქეს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ფაქტის შესახებ განცხადება გააკეთე საქართველოს საელჩომ საბერძნეთში.

"ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა დაპირისპირება. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს.

საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა  კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს",- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები