გვიცავს თუ არა D ვიტამინი კოვიდ19-ისგან

2021-01-11 14:12:09

არის თუ არა D ვიტამინი კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ხერხი ბოლო პერიოდში აქტუალური თემაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებისა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე პირთა აზრები ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ D ვიტამინის მიღება კორონავირუსით ინფიცირების პრევენციას ახდენს, ან თუ ინფიცირდება ადამიანი D ვიტამინი მას ეხმარება, რომ ინფექციური დაავადება ადვილად გადაიტანოს.

ეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ თემის გარშემო ამ დროისთვის არსებული მეცნიერული კვლევა არასაკმარისია. სწორედ ამიტომ, არ ხდება კორონავირუსთან ბრძოლის გაიდლაინებში D ვიტამინის, როგორც ვირუსის სამკურნალო საშუალების, ჩამატება.

ინგლისურმა გამოცემა The guardian-მა D ვიტამინთან დაკავშირებით სხვადასხვა მეცნიერის მოსაზრებასა და კვლევას თავი ერთ სტატიაში მოუყარა.

კვლევების მიხედვით D ვიტამინის ნორმალური დონე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მზის სხივების მოხვედრის დროს კანის ქვედა ფენებში წარმოიქმნება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ და მეტაბოლურ ფუნქციებში, ასევე ამცირებს რესპირატორული დაავადებების რისკებს.

თუმცა ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი მისი გამოყენების შესახებ კორონავირუსთან ბრძოლაში არ არსებობს. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ორგანიზმში ვიტამინის ნორმალურმა დონემ შეიძლება დადებითან იმოქმედოს კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ფუჭად გაფლანგული დროა. 

აპრილში ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში ათობით ექიმის მოსაზრება გამოქვეყნდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიტამინი D არის უსაფრთხო და მარტივი ხერხი, რომელიც კოვიდ19-ს პოტენციურად ამსუბუქებს.

ინგლისის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში, დევიდ დევისი, კორონავირუსთან ბრძოლაში D ვიტამინის გამოყენების მომხრეა.

დევისი იმედგაცრუებულია, რომ ინგლისის ჯანდაცვის უწყებები ქმედით ნაბიჯებს არ დგავენ და ვიტამინს კორონავირუსთან ბრძოლის გაიდლაინებში არ ამატებენ.

"თუკი არსებობს რაღაც, რასაც შეუძლია, რომ პოტენციურად ათი ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს, მსოფლიო მასშტაბით კი ასი ათასობით, თუ მილიონობით არა, და ამბობ, რომ არასაკმარისი მტკიცებულებებია, თუმცა მაინც პოზიტიური მაჩვენებლები აქვს, რამე უნდა გააკეთო, არაა?",- აცხადებს დევისი.

მსოფლიოს მასშტაბით ვიტამინის ეფექტურობასთან დაკავშირებით უამრავი კვლევა ტარდება. საფრანგეთში, მოხუცთა თავშესაფარში ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის მიხედვით ვიტამინი D ეფექტურია. ვიტამინის რეგულარულად მიღება პრევენციას ახდენს, რომ კორონავირუსი არ გართულდეს. ის ასევე ზრდის გადარჩენის მაჩვენებელს.

სამხრეთ კორეაში 200 ადამიანზე ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, D ვიტამინის ნაკლებობა ამცირებს ორგანიზმის იმუნური სისტემის თავდაცვის უნარს კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ზრდის რისკებს, რომ დაავადება მძიმე ფორმაში პროგრესირდეს.

ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობას გავლენა აქვს ადამიანის კორონავირუსით ინფიცირებაზე.

"წამლის მიღებაზე რეკომენდაციის გაცემის წინააღმდეგი არ ვარ. თავადაც ვღებულობ D ვიტამინს",- განაცხადა ფაუჩიმ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI