ახალი დეტალები 29 წლის რუსთაველის გარდაცვალებაზე [video]

2020-12-19 00:12:32

კორონავირუსით გარდაცვლილი 29 წლის გიორგი კაკოშვილის მეგობრებისა და ახლობლების თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის გარდაცვალება არასწორმა დიაგნოსტიკამ და დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია. [ვიდეო/video]

როგორც გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი ბადრი ბერიძე "ინფო რუსთავს" უყვება, გიორგი კაკოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამდე ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა მისთვის კოვიდ19-ის დიაგნოზის დასმა და სწორი მკურნალობის აღმოჩენდა არ მოხდა.

"პოლიკლინიკაში დაზღვევის ექიმმა გასინჯა და გაუკეთეს ტესტი, კოვიდი არ დაუდასტურდა. ექიმმა უთხრა, რომ ბრონქიტი ჰქონდა და ამაზე დაიწყო მკურნალობა. მაინც ცუდად გრძნობდა თავს და შემდეგ მივიდა მეორე კლინიკაში, სადაც უთხრეს მწვავე ფილტვების ანთება, რის შემდეგაც ჰკითხეს ტესტი გაკეთებული ჰქონდა თუ არა და რადგანაც პასუხი უარყოფითი იყო, გამოუწერეს ანტიბიოტიკები. 2 დღეში გართულდა მისი მდგომარეობა და გადავიყვანეთ კლინიკა რუსთავში, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო. ეს იყო დაზღვევის ექიმის მხრიდან არასწორი დიაგნოსტიკის ბრალი, მისთვის რომ ფილტვებზე გადეღოთ თავიდანვე, გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა", - აცხადებს გადაცვლილის მეგობარი.

რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ბრალდებების საპასუხოდ ამბობენ, რომ პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხის გადამოწმებაც PCR ტესტით დაზღვევის ექიმმა იმიტომ ვეღარ მოახერხა, რომ პაციენტი მას აღარ დაუკავშირდა.

"გაიკეთა სწრაფი ტესტი, ამოვიდა უარყოფითი პასუხი, ექიმმა ვინაიდან პაციენტს მაინც ჰქონდა ჩივილები, საჭიროდ ჩათვალა დამატებითი კვლევების ჩატარება. ეს იყო სისხლის საერთო ანალიზი და c რეაქტიული ცილა. მეორე დღეს პასუხები იყო მზად და პაციენტი არ მოსულა მისაღებად. ექიმმა რომ ნახა ანალიზების შედეგები, საჭიროდ თვლიდა PCR-ის ჩატარებას, მაგრამ პაციენტი არ მოსულა და არ დაკავშირებია ექიმს", - აცხადებს პოლიკლინიკის დირეტქორის მოადგილე სამკურნალო დარგში რუსუდან ადამია. 

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, კლინიკა "რუსთავის" დირექტორის, ლუკა სალუქვაძის განცხადებით, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დროს მისი მდგომარეობა უკვე უკიდურესად დამძიმებული იყო.

29 წლის გიორგი კაკოშვილი მე-16 მიკრორაიონში ცხოვრობდა. როგორც მისი მეგობრები გვიყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცი დანიშნული იყო და მალე დაქორწინებას აპირებდა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI