გელა ნაკაშიძე ივანიშვილს ვადას აძლევს

2020-10-17 12:50:06

ბატონო ბიძინა, თუ თქვენ გინდათ გამარჯევბა რუსთავში, გამოსავალი ვარ მე, - ასე მიმართა "ინფო რუსთავის" ეთერით რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გელა ნაკაშიძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

როგორც ნაკაშიძემ აღნიშნა, ივანიშვილს ვადას 20 ოქტომბრამდე აძლევს, რათა მან, "ქართული ოცნების" მიერ რუსთავში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გაიწვიოს და მხარდაჭერა გელა ნაკაშიძეს გამოუცხადოს.

დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" რუსთავში არჩევნები სწორედ მისი დახმარებით მოიგო.

"ქალაქ რუსთავში არის მძიმე სიტუაცია. "ქართული ოცნება" კვლავ წააგებს არჩევნებს. ეს პროგნოზი არის რეიტინგებიდან, თუმცა არ მინდა დავიწყო რეიტინგების გამოქვეყნება. საერთოდ "ქართული ოცნების" მიმართ არის უარყოფითი განწყობა, მე მას პიროვნულად არ შეურაცხვყოფ, 4 შვილის დედაა და მეც მე-4 შვილი ვარ, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ ველზე ნინო ლაცაბიძე ვერ უზრუნველყოფს გამარჯვებას. ბატონ ბიძნას მივწერე, ბატონო ბიძინა, თქვენ თუ გინდათ გამარჯევბა, რუსთავში გამოსავალი ვარ მე იმიტომ, რომ მაქვს გამოცდილება. "ქართულ ოცნებასაც" მე მოვაგებინე 2012 წელს არჩევნები რუსთავში, მე ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოვუყევი ბიძინა ივანშვილს წერილით, მოვუყევი, რომ ყოველთვის ვედექი ფარად "ქართულ ოცნებას". როდესაც მე ვიყავი არჩევნებში, ქართულმა ოცნებამ პირველივე ტურში მოიგო, რადგან ველი მოვუთავისუფლე დანარჩენი ოპოზიციისგან", - აცხადებს ნაკაშიძე.

გელა ნაკაშიძე ვარაუდობს, რომ "ბიძინა ივანიშვილი გონს მოეგება" და 20 ოქტომბერს მისთვის სასურველი შედეგი დადგება. 

RUSTAVI