რუსთაველი აბიტურიენტების ნაწილი კარანტინში გადაჰყავთ

2020-07-10 15:33:41

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 ივლისს რუსთავის საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთაველი აბიტურიენტების ნაწილი საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავთ.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა აბიტურიენტმა განუცხადა, მას ეპიდემიოლოგები უკვე დაუკავშირდნენ და კარანტინში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, გარდაბნის მკვიდრია და ვირუსით  ბებიისგან დაინფიცირდა. გოგონა რუსთავის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკითხთან დაკავშირებით დღეს განათლების სამინისტროში  ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა და კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა. ასევე გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტებს, რომლებიც კარანტინში გადავლენ, ყველა გამოცდაზე წასვლის წინ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები