რა პირობებში ცხოვრობენ რუსთავის საკარანტინე ზონაში [photo]

2020-03-22 00:26:51

საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავი დაინტერესდა, რა პირობებში ცხოვრობენ ახალ საკარანტინე ზონაში, მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები.

ჩვენ დავუკავშირდით კარანტინში მყოფ ერთ-ერთ რუსთაველ სპოტსმენს ლაშა გურულს რომელიც რუსთავში არსებულ სასტუმრო "გრანდ ვეჯინში" იმყოფება. სასტუმროში საკარანტინო ზონა რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს.

მისი თქმით, კარანტინში საცხოვრებელი პირობები კარგია. დღეში სამჯერადი კვება აქვთ და ყოველდღიურად სამედიცინო შემოწმებაც უტარდებათ.

"დილით შემოაქვთ საუზმე, სოსისი კვერცხი, ხაჭო, არაჟანი, პური და სხვა. ოთახში ასევე არის ყავა, ჩაი. დღეში გვაქვს სამჯერადი კვება. ოთახში ვიმყოფები მარტო და არ მაქვს გარეთ გასვლის უფლება. ასევე არის შესაძლებლობა, რომ ჩემმა ოჯახის წევრებმა დამიტოვონ ამანათები შვიდ საათამდე, რომლებსაც შემდეგ ოთახში ამომიტანენ", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს ლაშა გურულმა.

მისივე თქმით, საკვებ პროდუქტებს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ერთჯერადი კონტეინერებით ოთახის კართან უტოვებენ. ნარჩენებს კი ის ასევე პარკში ათავსებს და ოთახის გარეთ კართან ტოვებს, რომელიც უკვე სასტუმროს მომსახურე პერსონალს გააქვს.

როგორც ინფო რუსთავს ლაშა გურულმა უთხრა, დეზინფექცია უტარდება სველ წერტილსა და ოთახს, რომელშიც ის ცხოვრობს.

ასევე უმოწმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც და დღეში სამჯერ სიცხეს უზომავენ, რომლის მონაცემებსაც ოთახის კარზე გაკრულ ფურცელზე ინიშნავენ. პირები, რომლებიც მის ჯანმრთელობას ამოწმებენ სპეც ტანსაცმლით არიან აღჭურვილები.

ლაშა გურული ქვეყანაში 18 მარტს ლონდონში გამართული ტურნირიდან დაბრუნდა. ის საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონია.

"ლონდონში ტურნირზე ვიმყოფებოდი. რომ ჩამოვედი შემიმოწმეს სიცხე, არაფერი არ აღმომაჩნდა, არც სხვა სიმპტომები, არაფერი არ მაწუხებდა. მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ კარანტინში უნდა წავსულიყავი, იმიტო, რომ იქ ისეთ პირობებში ვცხოვრობდით, რომ 41 ქვეყანა, მემგონი, ერთ სასტუმროში ვიყავით და არავინ არ იცის რა შეიძლებოდა ამეკიდებინა. იქიდან ჩემი ნებით, მე ვთხოვე, რომ კარანტინში გადმოვეყვანე", - უთხრა ინფო რუსთავს რუსთაველმა სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 49შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI